ფრანგული სამზარეულო (la cuisine française


მსოფლიოში გავრცელებულია აზრი, თითქოს ფრანგული სამზარეულო მხოლოდ ბაყაყებისა (grenouilles   ) და ლოკოკინებისაგან (escargots  ) შედგება.

 

თუმცა, თუ თვალს გადავავლებთ ფრანგების ყოველდღიურ მენიუს, ყველაფერი პირიქითაა, იშვიათად თუ შევხვდებით ამ ინგრედიენტებით მომზადებულ კერძს. რაც შეეხება ლოკოკინებს, მათ პორტუგალიელები, იტალიელები, ესპანელები და ბერძნებიც სიამოვნებით მიირთმევენ, სხვათა შორის საქართველოს სამხრეთშიც. თქვენ ფიქრობთ, რომ ფრანგები მართლაც გიჟდებიან ლოკოკინებსა და ბაყაყებზე? ამასთან დაკავშირებით გაგანდობთ ერთ საიდუმლოს: ლოკოკინების და ბაბაყის ბარკლების მომზადების წესს თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ეს ყველაფერი შენელებაზე და სანელებლებზეა დამოკიდებული (ბევრი სუნელი, ნიორი და კარაქი). აი მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ის ფრანგების საყვარელი კერძი.

 

ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფრანგები დიდ დროს ატარებენ სუფრასთან - დღეში 2 საათზე მეტს, ანუ ამერიკელებსა და მექსიკელებზე გაცილებით მეტ დროს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ისინი დიდი სიმსუქნით და ჭარბწონიანობით მაინცა და მაინც არ გამოიჩევიან. რითი აიხსნება ეს?

 

საქმე იმაშია, რომ ფრანგულ სამზარეულოში დიდი ყურადღება ეთმობა, კერძის გაფორმებას, ჭურჭელს და კერძების დაგემოვნებას. აღსანიშნავია, რომ საფარანგეთი ცნობილია მრავალფეროვანი, გემრიელი     და სასარგებლო კერძებით, რომლებიც მთელს მსოფლიოშია გავრცელებული.

 

ვინ არ იცნობს "ბაგეტს" (baguette  ) ფრანგული პურის ერთ ერთ სახეობას. გარედან ხრაშუნას, რბილი გულით. ფრანგები მას დანით არ ჭრიან, არამედ თითებით მოიტეხავენ პატარა ნაჭრებს.

 

საფრანგეთის სახე და სიმბოლოა "კრუასანი" (croissant  )  - ნახევარმთვარის ფორმის გემრიელად გამომცხვარი ფუნთუშა, რომლის გამოცხობაში ყველაზე დახელოვნებულნი ფრანგი მეფუნთუშეები არიან. მაგრამ სინამდვილეში იგი ავსტრიაში დაიბადა.

 

საფრანგეთი ღვინის (vin  ) ქვეყანაა. ფრანგები ღვინოს ფერებისა და საკვების მიხედვით არჩევენ: თეთრი ღვინო თევზის და ფრინველის კერძებთან, წითელი ღვინო ხორციან კერძებთან და ... ვარდისფერი ღვინო. ცნობილია საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონი - შამპანი (Champagne  ) , სადაც მოდის ყურძენი, რომლითაც მზადდება შუშხუნა ღვინო "შამპანური" (champagne  ).

 

ღვინოს ასევე აყოლებენ ერთ ნაჭერ ყველს (fromage  ): საფრანგეთი აწარმოებს ყველის დაახლოებით 400 სახეობას. მათგან ყველაზე ცნობილია კამამბერი Camembert  და როკფორი Roquefort 

 

ფრანგული სამზარეულო ცნობილია ზღვის პროდუქტებით, თევზითა და მოლუსკებით, მათ შორის ხამანწკებით (huîtres  ). ხამანწკები, ზედ მოსხმული ლიმონის წვენით, სადღესასწაულო სუფრებზე აპერიტივად გამოიყენება. მაგრამ, ფრთხილად, ისინი მართლაც ახალი უნდა იყოს, თორემ შეიძლება მოიწამლოთ კიდევაც.

 

ახლა კი მოდით, გავეცნოთ თქვენი თანატოლი ფრანგის, ნიკოლას ყოველდღიურ მენიუს:

მისი დილა სავარაუდოდ შემდეგნაირად დაიწყება: საუზმეზე - კრუასანი ან ბაგეტი მურაბით/ჯემით, დასალევად კი ცხელი შოკოლადი, კაკაო ან ფორთოხლის წვენი. სკოლის სასადილოში, სადილად, მას ბევრი დრო დასჭირდება, რადგანაც ფრანგული სადილი შედგება შემდეგი ნაწილებისგან: 1. აპერიტივი /ანტრე - ძირითადი კეძის წინ მისაღები პატარა "შესავალი"... 2. ძირითადი კერძი... 3. ყველი... 4. სალათა... 5. ხილი და 6. დესერტი შინ დაბრუნებისას, გვიან საღამოს, ნიკოლა ვახშმობს მშობლებთან ერთად. ნიკოლა ამჟამად სვამს წყალს, ხოლო როდესაც გაიზრდება, კერძებს ღვინოს მიაყოლებს.

 

დაბოლოს, გთავაზობთ რამოდენიმე კერძის რეცეპტს, რომელთა მომზადებაც შეგიძლიათ სახლში სცადოთ ... მადიანად მიირთვით! (bon appétit!)  

 

ნიცური სალათი (Salade niçoise) 

nicoise


კრეპ სიუზეტი (Crêpes Suzette) 

crepes suzette

 

 

 

მოდით ვნახოთ სალათის ინგრედიენტები:

5 მოხარშული დიდი კარტოფილი
5 კარგად მოხარშული კვერცხი
2 ხახვი (სასურველია არატკბილი)
5 საშუალო ზომის პომიდორი

ნახევარი კონა ბოლოკი
10 გრამი შავი ზეთისხილი
1 კოლოფი თინუსი (თევზი) საკუთარ წვენში
რამდენიმე სალათის ფოთოლი (უკეთესია სალათი „აისბერგი“)

1 მწვანე კიტრი

 

"ვინეგრეტი" (ერთგვარი საწებელი) სალათებისთვის
3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი
1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი
1/2 სადილის კოვზი ძმარი "ბალზამიკი"
1 კბილი ნიორი (დაჭყლეტილი)
მარილი და პილპილი

 

მოხარშული კარტოფილი და კვერცხი გაფცქვენით და დაჭერით დიდ ნაჭრებად. პომიდორი, კიტრი და ბოლოკი დაჭერით. დაუმატეთ სალათის ფოთლები და რგოლებად დაჭრილი ხახვი. დაუმატეთ თინუსი, ზეთისხილი და ნაზად მოურიეთ სასალათეში. ცალკე ჯამში მოამზადეთ ვინეგრეტი და დაუმატეთ გამზადებულ სალათს.

 

 

 

კრეპ სიუზეტის მომზადება

ინგრედიენტები:

მინიმუმ 3 ბლინი (რაც უფრო თხელი, მით უკეთესი)
1/2 ჭიქა მანდარინის წვენი
5 გრამი კარაქი
შაქრის პუდრი

 

მოამზადეთ ბლინები. შეგიძლიათ თავად გამოაცხოთ, ან დახმარება უფროსებს სთხოვოთ. გამოწურეთ მანდარინის წვენი.

გაცხელებულ ტაფაზე მოაყარეთ შაქრის პუდრი.

crepe suzette 03

 

როდესაც შაქარი გაყავისფრებას დაიწყებს...

crepe suzette 04

 

დაამატეთ მანდარინის წვენი...

crepe suzette 05

 

აცადეთ წვენს წამოდუღება, სანამ ღია კარამელის ფერს არ მიიღებს...

crepe suzette 07

 

დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი კარაქი და აურიეთ...

crepe suzette 08

 

მომზადებულ სიროფში ჩაუშვით პირველი კრეპი/ბლინი

crepe suzette 11

 

გადაკეცეთ ოთხად კრეპი და აცადეთ, სანამ სოუსი გაუჯდება

crepe suzette 13

გამზადებული კრეპი გადაიტანეთ თეფშზე. სანამ სხვები მომზადდება, დააფარეთ თავზე, რომ არ გაცივდეს. მორჩენილი სიროფი ზედ მოასხით. მიირთვით თბილი.